პანელური დისკუსია: „ხარისხის კონტროლი, მშენებლობის ზედამხედველობა და მასალების ეფექტურობა“.

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (International Road Federation – IRF Global) ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-4 რეგიონული კონგრესისა და გამოფენის ფარგლებში დღეს გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ხარისხის კონტროლი, მშენებლობის ზედამხედველობა და მასალების ეფექტურობა“.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გიორგობიანმა, შეხვედრაზე კერძო კონტრაქტორების ხედვა წარადგინა. მან აღნიშნა, რომ სატენდერო სისტემაში მთავარი აქცენტი მხოლოდ ყველაზე დაბალ ფასზე არ უნდა კეთდებოდეს და უპირატესობა ინფრასტრუქტურის მდგრადობასა და საიმედოობას უნდა ენიჭებოდეს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეფექტური სამშენებლო ზედამხედველობა მხარეთა პარტნიორულ თანამშრომლობას უნდა ეფუძნებოდეს.

პანელის ერთ-ერთი მონაწილე იყო ასოციაციის წევრი კომპანიის, PwC Georgia-ს წარმომადგენელი ქეთევან შერვაშიძე. მან პროექტებში ხარისხის კონტროლის მექანიზმებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ქეთევანმა დამსწრეებს გაუზიარა ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ტექნიკური ხარვეზების სახელშეკრულებო დავებში გადაზრდის პრევენცია, მათ შორის FIDIC-ის სტანდარტების სწორად გამოყენებით.

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჯემალ ზაბახიძე და საქართველოს კონსულტანტ-ინჟინერთა ასოციაციის პრეზიდენტი, ირაკლი ხერგიანი.