28 იანვარს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან ორი მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან და საქვეუწყებო უწყებების, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ წევრებსა და დარგობრივ კომპანიებს შეხვდა. შეხვედრების ფარგლებში მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებს საგზაო, მუნიციპალური და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილი მასშტაბური გეგმები გააცნო, რაც ჯამში 4 მილიარდი ლარის ღირებულების ტენდერების გამოცხადებას ითვალისწინებს.
საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება 650 მილიონი ლარის მოცულობის სატენდერო პროცესი, რაც კახეთის მაგისტრალის გაგრძელებას, თბილისის შემოვლითი გზისა და სხვა სტრატეგიული მონაკვეთების მშენებლობას მოიცავს. პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდი და წყალმომარაგების კომპანია გეგმავენ ქალაქებისა და კურორტების რეაბილიტაციას, საგანმანათლებლო და სპორტული ობიექტების მშენებლობას, ასევე 12 ქალაქში წყალარინების ქსელებისა და გამწმენდი ნაგებობების მოწყობას. მინისტრის განცხადებით, უწყება პრიორიტეტს ანიჭებს ხარისხსა და გამჭვირვალობას, რის გამოც სამინისტრო პროექტირებაზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადავიდა, რაც სატენდერო პროცესის სამართლიანობასა და ეფექტიანობას განაპირობებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული კომპანიების გაძლიერებისა და საერთაშორისო ტენდერებში მათი მონაწილეობის გაზრდის საკითხს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქართულ ბიზნესს პარტნიორად განიხილავს და ხელშეკრულებებში სავალდებულო პირობად განისაზღვრება ადგილობრივი ქვეკონტრაქტორების ჩართვა. კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, მინისტრმა ინიციატივა გამოთქვა „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ფარგლებში შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც მინისტრის მონაწილეობით ყოველთვიურად განიხილავს სექტორის გამოწვევებს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობაზე, რადგან ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის ინფრასტრუქტურული წინსვლის მთავარ გარანტს წარმოადგენს.

























