ზოგადი ინფორმაცია პროფესიული განათლების შესახებ (სტუდენტებისთვის)

ზოგადი ინფორმაცია პროფესიული განათლების შესახებ

საქართველოს განათლების სისტემის სრული სქემა შეგიძლიათ იხილოთ აქ:

სრული სქემა

პროფესიული განათლება წარმოადგენს განათლების სისტემის საფეხურს, რომლის გავლაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც მინიმუმ საბაზო ზოგადი განათლება (IX კლასი) აქვს დასრულებული. უმაღლესი განათლების მქონე პირიც, ცხადია, შესაძლოა გახდეს პროფესიული კვალიფიკაციის სპეციალისტი.

პროფესიული განათლება პოტენციურ სტუდენტს აძლევს საშუალებას, დაეუფლოს მისთვის საინტერესო პროფესიას მოკლე დროში, განივითაროს საჭირო პრაქტიკული უნარები სხვადასხვა მიმართულებით, აიღოს დიპლომი/სერტიფიკატი და გახდეს სასურველი, კონკურენტუნარიანი კანდიდატი დამსაქმებელი კომპანიისთვის.

პროფესიული განათლება გვთავაზობს როგორც გრძელვადიან, სადიპლომო პროგრამებს, აგრეთვე, პროფესიულ მომზადება-გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამებსაც.

გრძელვადიანი პროფესიული პროგრამები

პროფესიულ განათლებას გრძელვადიანი სწავლების 2 ფორმა გააჩნია:

  • მოდულური (როდესაც სწავლების ძირითადი ნაწილი ტარდება კოლეჯში);
  • დუალური (როდესაც სწავლების ნახევარი ან მეტი მიმდინარეობს კოლეჯის პარტნიორ კომპანიაში).

გრძელვადიანი სწავლების დროს სტუდენტი სწავლობს არა ცალკეულ საგნებს, არამედ კონკრეტულ მოდულებს, რომლებიც სძენს პროფესიასთან დაკავშირებულ კომპეტენციებს, პრაქტიკული უნარებს. ამის შედეგად, სტუდენტი იღებს ფუნდამენტურ ცოდნას კონკრეტული მიმართულებით, სიღრმისეულად ეუფლება პროფესიას და ხდება კვალიფიციური სპეციალისტი.

დუალურ პროგრამაზე სწავლისას:

  • პროფესიული მოდულების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში – კომპანიაში;
  • სტუდენტი რეალურ სამუშაო გარემოში იღებს გამოცდილებას, რაც ეხმარება, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოსცადოს;
  • საქმის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, გახდეს კომპანიის თანამშრომელი;
  • სტუდენტი იღებს გარკვეული ოდენობის ანაზღაურებას (დამოკიდებულია კომპანიისა და კოლეჯის წინასწარ შეთანხმებაზე).

მომზადება-გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამები

პროფესიული მომზადების პროგრამა პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად.

პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანია ახალი ცოდნის შეძენა ან/და არსებულის განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად.

მომზადება-გადამზადების პროგრამები მოკლევადიანია. მათი ხანგრძლივობა დამოკიდებულია პროგრამის შინაარსსა და მიზანზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის

vet.ge eqe.ge mes.gov.ge

პროფესიულ პროგრამებზე დაშვების წინაპირობებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.