
2 თებერვალს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ სასტუმრო „პულმანში“ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამა მოიცავს რეგიონებში არსებული სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიების მენტორინგს და მისი მიზანია, გააძლიეროს რეგიონებში არსებული სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიები, ქართული სამშენებლო კომპანიების დახმარებით. ღონისძიებაზე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში დანიელ მევლიმ მიმართეს. პრეზენტაციის ფარგლებში, ანა საბახტარიშვილმა ისაუბრა არსებულ შესაძლებლობაზე და პროგრამის ბენეფიტებზე. ასევე გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ასოციაციის წევრი სამშენებლო კომპანიების „ანაგის“, „ენერგონისა“ „პრაიმ ბეტონის“ წარმომადგენლებმა და ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაგდა ბოლოთაშვილმა ისაუბრეს. ICCA-ს მენტორინგის პროგრამას მხარს უჭერს რეგიონებში არსებული მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი (RSMEDP), რომელიც ხორციელდება SWISSCONTACT, MERCY CORPS და SPRINGFIELD CENTER კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.




