
18 ოქტომბერს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ საჯარო შესყიდვების კანონპროექტის არსებულ რედაქციასთან დაკავშირებით, ერთობლივად შემუშავებული დოკუმენტი წარმოადგინეს.
დოკუმენტი იმ შენიშვნებსა და პოზიციებს მოიცავს, რომლებიც ამ ორმა ბიზნეს ასოციაციამ, როგორც აღნიშნული მიმართულებით შექმნილმა კოალიციამ, წევრი კომპანიების მოსაზრებებზე დაყრდნობით და საერთაშორისო ექპერტის ჩართულობით შეიმუშავა. ღონისძიება გახსნა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, პეტრ მიკისკამ, ასევე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს ICCA-ს და EBA-ს გამგეობის თავმჯდომარეებმა, ზვიად თოიძემ და ჯონ ბრაიკეველდტმა. დოკუმენტი სახელწოდებით “შენიშვნები და პოზიციები საჯარო შესყიდვების შესახებ კანონპროექტის მიმართ ევროკავშირის #2014/24/ EC, 2004/18/EC დირექტივის მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე”, რომელიც წარმოადგინეს ICCA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა და ექსპერტმა დავით მარღანიამ (To Do Club), მოიცავს 18 ძირითად შენიშვნასა და პოზიციას. ღონისძიებას ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში უმასპინძლა. საჯარო შესყიდვების შესახებ აღნიშნული პოზიციების შემუშავება და წარდგენა CIPE (Center for International Private Enterprises) – ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.