ICCA-მ მშენებლობაში პროფესიონალი ხარჯთაღმრიცხველების განვითარების პროგრამის დასკვნითი ღონისძიება გამართა

“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ” სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პროექტის „პროფესიონალი ხარჯთაღმრიცხველების განვითარების პროგრამა“ დასკვნითი ღონისძიება გამართა.

ღონისძიების ფარგლებში, მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ადამიანური და ინსტიტუციური რესურსების განვითარების კომპონენტის ხელმძღვანელი ნათია ვეფხვაძე და სატრენინგო კურსის ავტორი, ასოციაციის გამგეობის წევრი კომპანია „ანაგის“ ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი ოქრო ჩხიკვაძე.

ღონისძიების ფარგლებში, პროგრამის მონაწილეებმა ისაუბრეს მათ მიერ შესრულებულ პრაქტიკულ სამუშაოებზე. კურსის ფარგლებში, მათ იმუშავეს რეალურ პროექტებზე. აღნიშნული კომპონენტის განხორციელების შესაძლებლობა პროგრამის მონაწილეებს მიეცათ კომპანიებში: „ანაგი“, „გოუ თუ ექსპერტი“, „ჯითისი თრეიდინგი“, „პრაიმ ბეტონი“, „როუდ ქონსთრაქშენი“, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“.

ღონისძიებაზე პროგრამის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ასევე, გამოცხადდა პროფესიული განვითარების პლატფორმის „პროფესიონალ ხარჯთაღმრიცხველთა ჰაბი“-ს შექმნის შესახებ, რომლის პირველ დისკუსიას ოქროპირ ჩხიკვაძე გაუძღვა.

პროექტი განხორციელდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.