ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და საქართველოს მთავრობის თანაორგანიზებით, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიების მთავარი თემა ინფრასტრუქტურულ სექტორში მიმდინარე საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, ახალი რეგულაციები და მათი პრაქტიკული იმპლემენტაცია იყო.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი გურამ დუმბაძე და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გიორგობიანი. დამსწრე საზოგადოების წინაშე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე წურწუმია და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე.

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს 2026 წელს განხორციელებული საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები ზოგად ჭრილში. მათ იმსჯელეს ფასთა ინდექსაციის ახალ საკანონმდებლო ჩარჩოსა და რეგულაციებზე. დისკუსიის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამშენებლო რესურსების, ასევე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებული შრომის ანაზღაურების, მანქანა-მოწყობილობებისა და საავტომობილო გადაზიდვების სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულებების პრაქტიკულ საკითხებს.

ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გიორგობიანმა, ხაზი გაუსვა სექტორის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილა ფასების ინდექსაციისა და ფასწარმოქმნის ახალი წესების დანერგვის აუცილებლობაზე, რაც კერძო სექტორს არასტაბილურობისგან დაიცავს. ამასთან, მან აღნიშნა დემპინგისგან დაცვის მკაცრი მექანიზმებისა და რეალისტური სავარაუდო ღირებულებების დაწესების მნიშვნელობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული შეჩერებული ობიექტები და სამართლებრივი დავები.

ასოციაციის წევრებმა ისაუბრეს სახელშეკრულებო რეფორმასა და რისკების სწორ გადანაწილებაზეც. მათი თქმით, პროექტის წარმატება იწყება დაგეგმვისა და ინიცირების ეტაპზე, შესაბამისად, აუცილებელია რისკები სამართლიანად გადანაწილდეს დამკვეთსა და კონტრაქტორს შორის, მათ შორის, გადაწყვეტილებების მიღების მკაფიო ვადების დაწესებით.