ზოგადი ინფორმაცია პროფესიული განათლების შესახებ
საქართველოს განათლების სისტემის სრული სქემა შეგიძლიათ იხილოთ აქ: განათლების სქემა
საქართველოს განათლების სისტემა შედგება 4 ქვესისტემისგან:
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება
- ზოგადი განათლება
- პროფესიული განათლება
- უმაღლესი განათლება
პროფესიული განათლება წარმოადგენს განათლების სისტემის საფეხურს, რომლის გავლაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც მინიმუმ საბაზო, ზოგადი განათლება (IX კლასი) აქვს დასრულებული. უმაღლესი განათლების მქონე პირიც, ცხადია, შესაძლოა გახდეს პროფესიული კვალიფიკაციის სპეციალისტი.
პროფესიული განათლების სისტემა დამსაქმებელ კომპანიას აძლევს საშუალებას, საკუთარ გუნდში ჰყავდეს შესაბამისი მიმართულების პროფესიული კვალიფიკაციის მქონე დიპლომირებული/სერტიფიცირებული თანამშრომლები.
ძირითადი ინფორმაცია პროფესიული განათლების შესახებ
პროფესიულ განათლებაში შესვლისთვის ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არის დადგენილი – ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვს შესაძლებლობა, განვითარდეს, ისწავლოს და დასაქმდეს;
პროფესიული განათლების ფარგლებში არაერთი სპეციალობის დაუფლებაა შესაძლებელი მოკლე დროში (3-30 თვე);
პროფესიული განათლების სისტემა მოიცავს როგორც გრძელვადიან, სადიპლომო პროგრამებს, აგრეთვე, პროფესიულ მომზადება-გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამებსაც.
გრძელვადიანი პროფესიული პროგრამები
პროფესიულ განათლებას გრძელვადიანი სწავლების 2 ფორმა გააჩნია:
- მოდულური (როდესაც სწავლების ძირითადი ნაწილი ტარდება კოლეჯში);
- დუალური (როდესაც სწავლების ნახევარი ან მეტი მიმდინარეობს კოლეჯის პარტნიორ კომპანიაში).
გრძელვადიანი სწავლების დროს სტუდენტი სწავლობს არა ცალკეულ საგნებს, არამედ კონკრეტულ მოდულებს, რომლებიც სძენს პროფესიასთან დაკავშირებულ კომპეტენციებს, პრაქტიკული უნარებს. ამის შედეგად, სტუდენტი იღებს ფუნდამენტურ ცოდნას კონკრეტული მიმართულებით, სიღრმისეულად ეუფლება პროფესიას და ხდება კვალიფიციური სპეციალისტი.
რაც შეეხება პროფესიული მომზადება-გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამებს: მომზადების პროგრამა პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად; პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანია, პირს, რომელიც უკვე ფლობს პროფესიას, გამოუმუშაოს ამავე პროფესიასთან დაკავშირებული, საჭირო უნარები ან აუმაღლოს კვალიფიკაცია.
თანამედროვე გარემოში, პროფესიული განათლება აღარ ისწავლება მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ის ნაწილობრივ ხელმისაწვდომია დასაქმების ადგილზეც.
პროფესიულ პროგრამებზე დაშვების წინაპირობებთან დაკავშირებით, დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: vet.ge