ICCA-მ პროფესიული განათლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, 17 მარტს, ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიების ფორმატი ორი ნაწილისგან შედგებოდა; საჯარო-კერძო დიალოგი, თემაზე „პროფესიული განათლება: გამოწვევები და პერსპექტივები“ და ფორუმი, რომელიც მშენებლობაში დასაქმებას ითვალისწინებს. 

 
ონლაინ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ გერმანიის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ჰუბერტ ქნირში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ანა საბახტარიშვილი. 
 
აღნიშნული ფორუმის ფარგლებში, შრომის ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს უფროსმა გიორგი გამყრელიძემ.
მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, მონაწილეებმა ისაუბრეს პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და ეკონომიკის განვითარების საკითხებში მის როლზე, სამშენებლო ბაზრის მოთხოვნებსა და ადამიანური კაპიტალის პასუხზე და გამოწვევებზე, ამ მიმართულებით. 
 
ჰუბერტ ქნირში: „ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორის ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის თანამშრომლობას ამ სექტორის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამდენად, მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ღონისძიებაში ვმონაწილეობ. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება იქცეს პროფესიულ სასწავლებლებს, ასოციაციებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა ახალგაზრდა და მოტივირებული ადამიანების დასაქმების ხელშემწყობ პლატფორმად. კერძო სექტორის საქმიანობისა და ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და გადამზადების  ხუთი სექტორის, მათ შორის სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა განვითარების სფეროში ქართულ-გერმანული თანამშრომლობის ქვაკუთხედია“.
 
თამარ ქიტიაშვილი: „მხოლოდ სექტორის აქტიური ჩართულობით და პროფესიულ განათლებაში სექტორული ინდივიდუალური მიდგომის შედეგად შეგვიძლია რეალურად აღმოვფხვრათ ის შეუსაბამობა, რაც დღეს ჩვენს ბაზარზე არსებობს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის და ეს ღონისძიება ამის კარგი მაგალითია. იმედი გვაქვს, რომ ამგვარი ღონისძიებები უკვე სისტემატურ ტრადიციას დაუდებს საფუძველს მომდევნო წლებშიც.“
 
ანა საბახტარიშვილი: „პროფესიული განათლების მნიშვნელოვნებას სულ უფრო და უფრო ცხადად ხედავს ბიზნესსექტორი. მშენებლობა ის სფეროა, სადაც განსაკუთრებით შეინიშნება პროფესიონალების, კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი.  სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, აღნიშნული ღონისძიებით დავხმარებოდით ერთი მხრივ ბიზნესს- კვალიფიციური კადრების, ხოლო პროფესიული კვალიფიკაციის მქონეთ - დამსაქმებლის მოძიებაში. დღევანდელი საჯარო-კერძო დიალოგი და დასაქმების ფორუმი, დარწმუნებული ვარ, თავის სიტყვას იტყვის აღნიშნულ პროცესებში, ქვეყანაში.“
 
ღონისძიებაზე „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ“ წარმოადგინა კვლევის შედეგები, რომელიც ასახავს სამშენებლო კომპანიებისა და სამშენებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებებს. 
 
დისკუსიის შემდეგ, ღონისძიების ონლაინ სივრცე დასაქმების ფორუმს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც, პროფესიული განათლების მქონე და პროფესიული პროგრამის მსმენელებსა და სტუდენტებს, საშუალება მიეცათ, შეხვედროდნენ სამშენებლო კომპანიებს, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. 
 
19.03.2021