შეხვედრა პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან
25 სექტემბერს GIZ-ისა და ა(ა)იპ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მონაწილეობით, შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობას მიიღეს სამშენებლო მიმართულებების მქონე კოლეჯების წარმომადგენლებმა. 
გამართულ შეხვედრაზე  GIZ-ის პროგრამის ექსპერტმა მარიკა ზაქარეიშვილმა და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ინიციატივებზე, კოლეჯებთან თანამშრომლობის მიმართულებით. პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ, თავის მხრივ,  ესაუბრათ საკუთარ ხედვებზე და თანამშრომლობის განვითარების არსებით პერსპექტივებზე. 
შეხვედრა GIZ-ის მიმდინარე პროექტის ,,პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (PSD TVET)” ფარგლებში ჩატარდა, რომლის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება, დუალური მიდგომით განხორციელებული პროგრამების მასშტაბის ზრდა და პროფესიული სტუდენტების შრომის ბაზრისათვის რელევანტური უნარებით აღჭურვის ხელშეწყობა.
GIZ მიერ მხარდაჭერილ სფეროებში შედის სამშენებლო სექტორი, რომელიც ერთ-ერთ მზარდ მიმართულებას წარმოადგენს ქართულ შრომის ბაზარზე და მუდმივად საჭიროებს კვალიფიციურ ადამიანურ კაპიტალს. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია GIZ-ის მხარდაჭერით ამ მიმართულებას ახლა უკვე ახალი პროექტის ფარგლებში ავითარებს და სამომავლოდ არაერთ მნიშვნელოვან აქტივობას გეგმავს.
29.09.2020