ვებინარი - ფაქტორინგი, როგორც საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების შესაძლებლობა

 
3 ივლისს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და მისი ასოცირებული წევრის თიბისი ბანკის ერთობლივი ვებინარი „ფაქტორინგი - როგორც საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების შესაძლებლობა“ გაიმართა, რომელიც განკუთვნილი იყო ასოციაციის წევრი კომპანიებისათვის. 
ფაქტორინგი კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, გაიუმჯობესონ ლიკვიდურობა. ეს პროდუქტი სასარგებლოა, როგორც მყიდველისთვის, ასევე გამყიდველისთვის; ერთი მხრივ, გამყიდველი დაუყოვნებლივ იღებს ნასყიდობის საფასურს, ხოლო მყიდველის მიერ ხდება განვადებით ნასყიდობის საფასურის გადახდა.
ვებინარი განკუთვნილი იყო გაყიდვების სფეროში საბითუმო ვაჭრობით დაინტერესებული პირებისთვის, ასევე, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის (მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების კუთხით).
უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესთან მიდგომების გაანალიზების შემდეგ საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2020 წლის საუკეთესო პროვაიდერად, Euromoney-მ კი ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა.
ვებინარს უძღვებოდნენ სფეროს გამოცდილი სპეციალისტები, ტრენერები:
თამარ ხიზანიშვილი / ვაჭრობის და სტრუქტურული ფინანსირების დეპარტამენტის დირექტორი (თიბისი ბანკის გუნდის წევრია 2018 წლიდან) და ნანა გაგუა / ვაჭრობის ფინანსირების უფროსი სპეციალისტი (თიბისი ბანკის გუნდის წევრია 2008 წლიდან).
 
07.07.2020