ფორუმი "პროფესიული უნარები - მშენებლობისთვის, მშენებლობა - პროფესიული უნარებისთვის"

„პროფესიული უნარები მშენებლობისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“ - თანამშრომლობის ფორუმი 29 იანვარს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა,

რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ (ICCA), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიების ფარგლებში სასწავლო დაწესებულებებს, სამშენებლო კომპანიებსა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის დიალოგი გაიმართა, რომლის მთავარ თემას წარმოადგენდა სამშენებლო სექტორში პროფესიული პროგრამების საშუალებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, არსებული პრობლემატიკა და მისი გადაჭრის გზები. ყურადღება დაეთმო დუალურ პროფესიული სწავლებას, რომელიც 2018 წლის შემოდგომიდან მშენებლობის მიმართულებით 7 პროფესიულ პროგრამაზე, 10 სამშენებლო კომპანიასა და 3 პროფესიულ კოლეჯში განხორციელდა. ღონისძიებას მოდერაციას ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილი უწევდა.

ანა საბახტარიშვილი ხაზს უსვამს ფორუმის მნიშვნელოვნებას, რომელიც სახელწოდებით "პროფესიული უნარები მშენებლობისთვის და მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის” უკვე მესამედ იმართება: “მსგავსი ტიპის შეხვედრები თავისი მნიშვნელოვნებით მოიცავს არაერთ სეგმენტს. ერთი მხრივ, მსჯელობა გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებზე, მეორე მხრივ კი საუბარი უკვე არსებულ პოზიტიურ მაგალითებზე, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს იმას, რომ სამშენებლო ბიზნესი პროფესიული განათლების გზით მაღალკვალიფიციური კადრის დასაქმებას მუდმივად შეძლებს.”

ფორუმზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის დირექტორმა ფრიდრიხ ტესტენსენმა და ტექნიკური უნივერსტეტის ვიცე რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა. ღონისძიების გახსნაზე ისაუბრა და პრეზენტაცია წარმოადგინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ.

ფორუმის ძირითადი პანელი მოიცავდა თემის პოლიტიკას, იმპულსებსა და ხედვას, რომლის ფარგლებშიც ისაუბრეს ირინა წეროძემ (პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო), დავით გიგინეიშვილმა (სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო), ბექა ფერაძემ (შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო). ღონისძიებაზე ტრენინგის „ჯანმრთელობის დაცვა და შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში 2018“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა ბერნდ მერცმა (BG BAU). ასევე გაიმართა საიმიჯო კლიპის ჩვენება - “GIZ PSD TVET”, რომელიც დუალურ პროფესიულ განათლებას ეხება.

პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს გიორგი ვეკუამ (საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა), ნინო ელბაქიძემ (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი), კახაბერ ერაძემ (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი), ანა საბახტარიშვილმა (ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია) რუსუდან სანიკიძემ (GWP) მაია თოიძემ (კოლეჯი „ბლექსი“, ბათუმი).

ფორუმის ნაწილი დაეთმო სამუშაო ჯგუფებში მუშაობას. სამი სამუშაო ჯგუფი მოიცავდა შემდეგ თემებს:

ჯანმრთელობის დაცვა და შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში;

ენერგოეფექტურობა სამშენებლო სექტორში;

დუალური პროფესიული განათლება სამშენებლო სექტორში: გამოცდილების გაზიარება და მიმდინარე გამოწვევების გადასაჭრელად გამოსავლის ძიება.

სამუშაო ჯგუფის “ჯანმრთელობის დაცვა და შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში” ფარგლებში, პრეზენტაცია წარმოადგინა “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” წევრი კომპანიის “SafCo” დამფუძნებელმა დავით თხელიძემ, ხოლო ენერგოეფექტურობის სამუშაო ჯგუფში ასოციაციის ორი წევრი კომპანია წარსდგა საკუთარი ხედვებით აუდიტორიის წინაშე, კომპანია “საგა” (ალესიო გამბა, საექსპორტო გაყიდვების მენეჯერი) და კომპანია “ნოვა”(ინგა შავაძე, ტრენერი). სამუშაო ჯგუფების შედეგების შეჯერება წარმოადგინეს ირმა ღარიბაშვილმა, მათე ტაკიძემ და ხათუნა სიჭინავამ. ღონისძების დასკვნით ნაწილში მონაწილეებს მიმართა და მადლობა გადაუხადა მონაწილეობისა და აქტიურობისათვის იოხემ თაისიმ (კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)).

 

ფორუმის ფოტოგალერეა იხილეთ აქ

30.01.2019