სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის განხილვა

მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi”, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა“ თანაორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა საქართველოს მთავრობის 2018 წლის №476 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტთან“ დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სამშენებლო პროდუქტების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიების, ასევე საბაჟო ორგანოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, რატი ობოლაძემ დეტალურად გააცნო დამსწრეებს რეგლამენტიდან გამომდინარე რეგულაციებისა და მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია.
შეხვედრა გაიმართა აქტიური დისკუსიის რეჟიმში. სააგენტოს ხელმძღვანელობამ მოისმინა და გამოთქვა მზაობა რეგლამენტზე მუშაობის პროცესში განიხილონ შეხვედრაზე დამსრეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები და შენიშვნები.
ტექნიკური რეგლამენტი აწესრიგებს სამშენებლო პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობებს, მათი ძირითადი თვისებების განსაზღვრისა და ნიშანდების წესების შემუშავების გზით. რეგლამენტი უზრუნველყოფს ბაზარზე რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისი ცემენტის, არმატურის, პლასტმასის მილებისა და კაბელების განთავსებას და პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. ტექნიკური რეგლამენტი აწესრიგებს სამშენებლო მასალების როგორც მწარმოებელთა, ასევე იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ვალდებულებებს. აგრეთვე, ითვალისწინებს ბაზარზე განთავსების შემდგომ პროდუქტის მონიტორინგისა და აუცილებელი გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებებს; სახელმწიფო ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურებს და სხვა.
შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენელთა მხრიდან საკითხისადმი დიდი ინტერესის გამოწვევის გამო, მხარეები შეთანხმდნენ, ასოციაციის ფარგლებში გაგრძელდეს შესაბამისი მწარმოებლების და იმპორტიორების ჩართულობით მუშაობა და შესაბამისი წინადადებები წარედგინოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.

აღნიშნული შეხვედრის ფოტომასალა იხილეთ აქ
12.10.2018