ასოციაციის წევრ კომპანია "კუბიკსა" და საზოგადოებრივ კოლეჯ "სპექტრს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 12 იანვარს, ასოციაციის წევრ კომპანია "კუბიკსა" და ასოციაციის პარტნიორ - საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კოლეჯის დირექტორმა, მათე ტაკიძემ და "კუბიკის" დირექტორმა, ლევან ყურმაშვილმა. მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია "კუბიკი" ვალდებულებას იღებს, დაასაქმოს წარჩინებით დამთავრებული სტუდენტები, რაც დასაქმების სტიმულირებას და შრომის ბაზარზე კადრების კონკურენტუნარიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს. სამშენებლო ჰიპერმარკეტი „კუბიკი“ დაფუძნდა 2010 წელს და წარმატებით შევიდა სარემონტო-სამშენებლო მასალების ბაზარზე. “კუბიკმა” აიყვანა ამ სფეროში ყველაზე გამოცდილი კადრები და ჩამოაყალიბა მომავალზე ორიენტირებული მენეჯმენტი. ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნების, შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობის, პროფესიული განათლების განვითარების, კოლეჯისა და კომპანიის ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კომპანია კუბიკმა მოახდინა ინვესტირება გათბობა ვენტილაციის განხრით სტუდენტების გადამზადებაში და მათი უნარ-ჩვევების ამაღლებაში. კომპანია თანამშრომლობს ევროპისა და აზიის წამყვან მწარმოებლებთან და ქმნის შესაძლებლობას, რომ პროდუქცია მომხმარებელს ყველაზე ხელსაყრელ ფასად მიეწოდოს.
12.01.2018