„გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) ერთობლივი ღონისძიება“
საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული მილიარდიანი ინფრასტურქტურული პროექტების განხილვის მიზნით, გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV), ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან (ICCA) ერთად, ჩაატარა პანელ-დისკუსიის ტიპის ღონისძიება, რომელზეც განხილულ იქნა კერძო კომპანიების ჩართვის შესაძლებლობები აღნიშნულ პროექტებში.
ღონისძიება გახსნა, DWV-ს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელმა, ბატონმა დოქ. საშა ტერნესმა, ხოლო ფორუმს უძღვებოდა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) დირექტორი, ქალბატონი ანა საბახტარაშვილი. ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მატკავა რომელმაც დაასახელა პირველი საინვესტიციო ტრანშის მოცულობა, რაც შეადგენს 2,5 მილიარდ აშშ დოლარს. ძირითადად დაფინანსება განხორციელდება საერთაშორისო ინსტიტუციების მხრიდან, თანხების ეტაპობრივად შემოდინებით.
DWV-ს მმართველი საბჭოს წევრმა და „ჰაიდელბერგცემენტ“-ის ხელმძღვანელმა, ბატონმა მიხაელ ჰამპელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს ხარისხს. დამოუკიდებელმა კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში გამოყენებული ცემენტის უდიდესი ნაწილი წუნდებულია, რაც თავის მხრივ, უსაფრთხოებას ეჭვ ქვეშ აყენებს და, დამატებითი სამუშაოების სახით, მუდმივად გაუთვალისწინებელი ხარჯის მიზეზი ხდება. საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის „KPMG“ მიერ, ადგილობრივი სამშენებლო ბიზნესის განვითარების შეფასების ინდიკატორად, დასახელდა ე.წ. „Crane Index“-ი.
ფორუმზე სიტყვით წარდგა „თი ბი სი ბანკის“ კორპორატიულ კლიენტთა მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, ბატონი გიორგი დარჩიაშვილი, რომელმაც სახელმწიფო სტუქტურებსა და უწყებებს სამშენებლო კომპანიებისთვის მეტი ხელშეწყობისკენ მოუწოდა. მან ასევე ისაუბრა ტენდერებში მონაწილეობისას წარმოქმნილ სირთულეებზე, რომლებიც ძირითადად განპირობებულია პროცესების ხანგრძლივობით.
„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ გამგეობის წევრმა, კომპანია „საქენერგორემონტის“ კორპორაციულმა დირექტორმა, ლევან დვალმა ისაუბრა ურთიერთთანამშრომლობის ფართო შესაძლებლობების შესახებ ქართულ - გერმანულ კომპანიებს შორის, აგრეთვე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის, სამშენებლო სექტორში დასაქმების მნიშვნელობას.
DWV-ს ფორუმის 70-ზე მეტმა სტუმარმა აქტიური მონაწილეობა მიიღო გამართულ დისკუსიაში, დაისვა საინტერესო შეკითხვები, ხოლო ღონისძიების ბოლოს, ფურშეტის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა უშუალოდ გასაუბრებოდა მინისტრის პირველ მოადგილეს და ღონისძიების სხვა მონაწილეებს.



24.11.2017