მშენებლობა საქართველოში - ხარისხი როგორც გამოწვევა
მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, სასტუმრო "Holiday inn"-ში, ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - მშენებლობა საქართველოში - ხარისხი როგორც გამოწვევა.

ღონისძიების პირველ ნაწილში, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" ეგიდით გაიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის და სამინისტროს საქვეუწყებო სტრუქტურების ხელმძღვანელების შეხვედრა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი და სხვა მსხვილი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრა მშენებლებსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის ასოციაციის ეგიდით სისტემატიურად ტარდება, რაც დაინერგა უკვე, როგორც კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე, სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს მომავალი 4 წლის მანძილზე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გააცნეს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს უახლოესი გეგმები და მოისმინეს მათი პრობლემები და აღუთქვეს შესაბამისი მხარდაჭერა არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ღონისძიების მეორე ნაწილში, მთავარი თემის ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, პაატა გოგოლიძე, სპეციალური მოწვევით ინსპექტირებისა და სერტიფიცირების ორგანიზაციების საერთაშორისო კონფედერაციის (CEOC) გენერალური მდივანი, ბატონი დრუვინ ნიუვინჰასი, ევროკავშირთან თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში), ვინსენტ რეი და საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი"-ს დირექტორი, მათე ტაკიძე.

ასევე, ახლად შექმნილი - მშენებლობის ინსპექტირების აკრედიტებულ პირთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, დიმიტრი მხეიძემ, წარმოადგინა ასოციაციის პრეზენტაცია და სტუმრებს გააცნო მისი მიზნები, ამოცანები და გეგმები ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ, წარადგინა ასოციაციის ახალი წევრი კომპანიები: „არალი", „კუბიკი", „ელიტ მოტორსი".
24.11.2017