სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიას ასოციაციის კიდევ ერთი წევრი, კომპანია შეემატა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიას ასოციაციის კიდევ ერთი წევრი, კომპანია „L&L”-ი შეემატა!
ასოციაციის 38 წევრი კომპანიიდან, 5 ასოცირებული ხოლო 33 სრულუფლებიანი წევრია. მათგან, 12 ირიცხება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში. ესენია: „ინ-სი“, „დაგი“, „კავკასუს როუდ პროჯექტი“, „ენსისი“, „ტრანსმშენი“, „ანაგი“, „კომფორტმშენ XXI”, „ხომერიკი და კომპანია“, „ჯეუ გრუპი“, „არალი“, „ალიანსი“ და ზემოთხსენებული „L&L”.
ასოციაციის აწევრების 40% საერთოდ არ იღებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, თეთრ სიაში (შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრში) ხდება იმ კვალიფიციური მიმწოდებლის დარეგისტრირება, რომელიც აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ #2 ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელი სარგებლობს შემდეგი შეღავათებით:
• თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელი თავისუფლდება საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებისაგან, იმის მიუხედავად, ითვალისწინებს თუ არა სატენდერო დოკუმენტაცია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნას;
• წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევრის ოდენობის გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
• ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ნახევარს;
• შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელი შესაძლებელია სრულად გათავისუფლდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენისგან.
06.10.2017